გამყრელიძე: 370 000-მდე PCR ტესტია მარაგში, შეკვეთილია კიდევ 500 000, დეფიციტი არ გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, PCR ტესტების დეფიციტი არ არის და არც იქნება, რადგან ქვეყანას 350 000-დან 370 000-მდე PCR ტესტი აქვს მარაგში და შეკვეთილია ნახევარი მილიონი, რომელიც, როგორც გამყრელიძე ამბობს, მომავალ ორ კვირაში შემოვა.

"ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია, რომ დღიურად ავიდეთ 20 000 ტესტის ფარგლებში, სადაც ნახევარი იქნება PCR, ნახევარი კი ანტიგენის ტესტები". – ამბობს გამყრელიძე.

გასულ დღე-ღამეში საათში საქართველოში ყველაზე მეტი, 17 ათასამდე სწრაფი და PCR ტესტი გაკეთდა. დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი.

4 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 152 704 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 126 904 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 425 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები