აშშ-საქართველო

ტეფტი: ბლინკენმა საკვანძო როლი ითამაშა 2008 წელს საქართველოს დახმარების პაკეტის ორგანიზებაში

ჯონ ტეფტი / ტონი ბლინკენი

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, ჯო ბაიდენის მიერ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ტონი ბლინკენის კანდიდატურის წამოყენებაზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საუბრობს. ის ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოსთვის დახმარების გამოყოფაში ბლინკენმა საკვანძო როლი ითამაშა.

"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, როცა საქართველოში ელჩი ვიყავი 2008 წელს. მაშინ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც საქართველოში [ომის დროს] ჩამოვიდა. სწორედ ჯო ბაიდენი იყო ადამიანი, რომელმაც ეგრეთწოდებული, "მილიარდ დოლარიანი პაკეტის" სახელით ცნობილი დახმარების მობილიზებას უხელმძღვანელა. ამ პაკეტის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა იყო იმისთვის, რომ [ომის შემდეგ] ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. [ტონი ბლინკენის] როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა". –თქვა მან.

ბლინკენი ჯო ბაიდენთან ერთად საქართველოს ორჯერ ეწვია, 2008 და 2009 წლებში. ჯონ ტეფტის თქმით, სწორედ ბლინკენთან ერთად დაწერა მან საქართველოს პარლამენტში ჯო ბაიდენის გამოსვლის ტექსტი.

ენტონი ბლინკენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2015-2017 წლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, 2013-2015 წლებში კი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე.

ბლინკენმა თეთრ სახლში კარიერა ჯერ კიდევ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს დაიწყო, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მრჩეველი გახდა. მოგვიანებით ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი გახდა. 2001-2008 წლებში, როდესაც ჯო ბაიდენი სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ბლინკენი საგარეო კომიტეტის დემოკრატების თანამშრომელთა კოორდინატორი იყო. 2008 წელს ის ბაიდენის წარუმატებელ წინასაარჩევნო კამპანიაში მრჩევლად მუშაობდა. 2020 წლის კამპანიის დროსაც ბლინკენი ბაიდენის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იყო.

წაიკითხეთ ვრცლად: რას ამბობს საქართველოზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი ტონი ბლინკენი?

კომენტარები