კორონავირუსი საქართველოში

ომბუდსმენი: ანტიკრიზისულ გეგმაში არ არის სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მორიგ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში კვლავ არ არის სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები.

ომბუდსმენის ცნობით, საქართველოში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვებმა, კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმმა ნეგატიური გავლენა მოახდინა შშმ პირებზე და მათ ოჯახებზე. ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა ახალი კორონავირუსის შესახებ მათთვის მისაწვდომი ფორმებითა და საშუალებებით ინფორმირება. შეჩერებულია შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება. ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი სწავლების ყველა საფეხურზე; გამოწვევას წარმოადგენს როგორც მისაწვდომი ფორმატებით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობა.

"სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ სტაციონარულ კლინიკებში ჯეროვნად არ არის დაცული ინფექციის გავრცელებისა და კონტროლის წესები, ეფექტურად არ სრულდება COVID-19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლები". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის ქმედითი და არ პასუხობს შშმ პირთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, კორონავირუსის გამო არსებული გამოწვევების გარდა, ქვეყანაში კვლავ არ არის შექმნილი შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის ეროვნული მექანიზმი. ასევე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების დროული მოგვარება მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვისთვის და მათი ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფისთვის. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიწყოს მუშაობა COVID-19 შემდგომ პერიოდში ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაზე. ამ პროცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახებისა და კანონიერი წარმომადგენლების, შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობას და თანაბარ მონაწილეობას". – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 260 ახალი შემთხვევა. 3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები