მეგრელიშვილი: იაგო ხვიჩიას ლაპარაკის შესაძლებლობა მინიმუმ პარლამენტში მიეცემა

ტაბულა

პარტიის დეკლარირებული პოზიციის მიუხედავად, რომ გირჩი პარლამენტში არ შედის, მისი ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი წერს, რომ იაგო ხვიჩიას საუბრის შესაძელებლობა "პარლამენტში მიეცემა".

"იაგოს ლაპარაკის შესაძლებლობა რამე ფორმით მიეცემა. მინიმუმ პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლის განხილვის დროს. თუმცა, შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ. ფუნდამენტური საკითხია და ცივილური დისკუსია შეეფერება". – წერს მეგრელიშვილი და ხვიჩიას პოსტს აზიარებს.

იაგო ხვიჩიას მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა, ის შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". – წერს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი.

ხვიჩიამ გუშინ, 2 დეკემბერს, განცხადება გაავრცელა და მედიას მოუწოდა, დრო დაუთმონ.

კომენტარები