კორონავირუსის ვაქცინა

ამერიკაში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება რამდენიმე კვირაში დაიწყება

Reuters

ამერიკის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის თანახმად (FAA), ავიაკომპანია United Airlines-მა ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის, Pfizer-ის ვაქცინის პირველი ტვირთი ბრიუსელიდან ჩიკაგოში პარასკევს, 27 ნოემბერს გადაიტანა. ამის შესახებ CNBC წერს

ფარმაცევტული კომპანიები, ავიაკომპანიები და მიწოდების ჯაჭვის შემადგენელი სხვა რგოლები ვაქცინის დისტრიბუციას რეგულაციების შემსუბუქების, ვაქცინისთვის მწვანე შუქის შექმნის შემდეგ დაიწყებენ და რამდენიმე კვირაში ამერიკელთა ნაწილი ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს. ფედერალური სააგენტოების თანახმად კი, Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის მიღება 8 კვირაში იქნება შესაძლებელი.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის ვაქცინა ჯერ არ დაუმტკიცებია, მაგრამ Pfizer-ის, რომელმაც თავისი ვაქცინა BioNTech-თან ერთად განავითარა, და Moderna-ს თანახმად, მათი ვაქცინები 90%-ზე მეტად ეფექტიანია ინფექციისგან თავის დასაცავად.

Pfizer-ის პრესსპიკერის, კიმ ბენკერის თქმით, ვაქცინების დისტრიბუცია ვერ დაიწყება მანამ, სანამ FDA-სგან თანხმობა არ იქნება, თუმცა კომპანია მას საწყის ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს და ორდოზიანი რეჟიმით წლის ბოლომდე დამზადდება 50 მილიონი დოზა, რომელიც 25 მილიონი ადამიანზე იქნება გათვლილი.

Pfizer-ის თანახმად, ვაქცინის შენახვისთვის -94 გრადუსი ფარენჰაიტია საჭირო, Moderna-ს ვაქცინის 30 დღით შესანახად კი ფარენჰაიტით 36-დან 46 გრადუსამდე ტემპერატურაა საჭირო, -4 გრადუს ტემპერატურაზე 4 თვით შენახვაა შესაძლებელი, შესაბამისად, ავიაკომპანიებს მის გადასაზიდად სახიფათო ნივთიერების, მშრალი ყინულის გამოყენება მოუწევთ.

United Airlines-თან ერთად, ვაქცინების გადასაზიდად სხვა ავიაკომპანიებიც ემზადებიან, წინა კვირაში American Airlines-მა საცდელი ფრენები დაიწყო მაიამიდან სამხრეთ ამერიკაში, რომლის მიზანიც თერმული შეფუთვის თუ გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დეტალების შემოწმებაა, თუმცა პრობლემა, რომელიც გადაზიდვასთან დაკავშირებით არსებობს, პანდემიის შედეგად ლიმიტირებული საავიაციო ტვირთტევადობაა, რაც ავიაკომპანიების მიერ ფრენების შემცირებითაა გამოწვეული.

Pfizer-მა​ და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა პარასკევს, 20 ნოემბერს წარადგინეს აპლიკაცია, რათა მათ მიერ წარმოებულმა COVID-19-ის ვაქცინამ აშშ-ში გამოყენებისთვის საგანგებო ავტორიზაცია გაიაროს. FDA აპლიკაციას 10 დეკემბერს საჯაროდ განიხილავს.

კომენტარები