აშშ

ჯო ბაიდენის პრესსამსახურის გუნდის ყველა წევრი ქალი იქნება

ჯო ბაიდენი

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრესსამსახურის გუნდის ყველა წევრი ქალი იქნება. გუნდს ქეით ბედინგფილდი უხელმძღვანელებს. ის ბაიდენის კამპანიის კომუნიკაციების დირექტორის მოადგილე იყო.

ბაიდენის პრესმდივანი ჯენ პსაკი იქნება. პსაკი ობამას ადმინისტრაციის პერიოდში თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი იყო.

ბაიდენის თანახმად, ქალებისგან შემდგარი გამოცდილი და კომპეტენტური გუნდი განსხვავებულ პერსპექტივას მატებს პრესგუნდის სამსახურს. 

პრესასთან ურთიერთობის საკითხებში კამალა ჰარისის თანაშემწეები სიმონ სანდერსი და ეშლი ეტიენი იქნებიან.

კაბინეტის წევრებისგან განსხვავებით, პრესოფისის წევრების თანამდებობაზე დასამტკიცებლად სენატის მხარდაჭერა საჭირო არ არის. 

გასულ კვირას ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის კაბინეტის წევრების კანდიდატები წარადგინა. ჯო ბაიდენის თქმით, მისი გუნდი "ასახავს ფაქტს, რომ ამერიკა დაბრუნდა, მზადაა მსოფლიოს წინ გაუძღვეს და მისგან უკან არ დაიხიოს".

3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, ჯო ბაიდენმა 6.1 მილიონით მეტი ხმა მიიღო. მან საარჩევნო კოლეგიაში ჯამში 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა - 232. კოლეგია დეკემბერში შეიკრიბება და ბაიდენს ოფიციალურად აირჩევენ აშშ-ს პრეზიდენტად. ის პოსტს იანვარში დაიკავებს

ძალაუფლების გადაცემის პროცესის ფარგლებში, ორშაბათს, ბაიდენი პირველ საპრეზიდენტო ყოველდღიურ ბრიფინგს დაესწრება, რომელსაც სადაზვერვო სამსახურები ამზადებენ.

კომენტარები