აშშ

ტრამპის მთავარი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი, საუდის არაბეთსა და კატარს ეწვევა

ჯარედ კუშნერი

დონალდ ტრამპის მთავარი მრჩეველი და სიძე, ჯარედ კუშნერი, თავის გუნდთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარს ეწვევა.  

თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანახმად, კუშნერი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს მუმაჰემდ ბინ სალმანსა და კატარის ემირს შეხვდება. კუშნერის გუნდში ახლო აღმოსავლეთში იქნებიან ატაშეები - ავი ბერკოვიცი და ბრაინ ჰუკი და საერთაშორისო განვითარების აშშ-ს ფინანსური კორპორაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ადამ ბოლერი.

კუშნერი და მისი გუნდი მონაწილეობას იღებდნენ ისრაელსა და ბაჰრეინს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სუდანის ურთიერთობების ნორმალიზებაში.

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები თვლიან, რომ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის შეთანხმება სხვა არაბული სახელმწიფოებისთვის მაგალითი გახდება. თუმცა, უახლოეს მომავალში მსგავსი შეთანხმების მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს შეხვდა. მხარეებს შორის ეს პირველი საჯაროდ აღიარებული შეხვედრა იყო. ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც ესწრებოდა.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ Reuters-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ კვირას კუშნერი თეთრ სახლში ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ქუვეითი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კატარსა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს წევრებს შორის სამწლიანი განხეთქილების მოგვარებაში. საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა 2017 წელს ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდების გამო, კატართან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტეს და ბოიკოტი გამოუცხადეს. კატარი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები