აშშ

ბაიდენმა სინდი მაკკეინს, შესაძლოა, ბრიტანეთში ელჩის თანამდებობა შესთავაზოს – The Times

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, არიზონის ყოფილი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ქვრივს, ამერიკელ ბიზნესმენს, სინდი მაკკეინს, შესაძლოა, გაერთიანებულ სამეფოში აშშ-ს ელჩის თანამდებობა შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეული გამოცემა The Times.

სინდი მაკკეინმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენს დაუჭირა. როგორც გამოცემა წერს, სინდი მაკკეინის პოზიცია ჯო ბაიდენს გამარჯვებაში დაეხმარა. 

გამოცემა ბაიდენის წრიდან ანონიმური წყაროზე დაყრნობით წერს, რომ, თუ სინდი მაკკეინს ლონდონში სამსახური უნდა "ის ამას მიიღებს... მან არიზონა მოიტანა. ეს მათ იციან".

ბრიტანეული გამოცემის მიხედვით, უცნობია, დასთანხმდება თუ არა სინდი მაკკეინი ამ შემოთავაზებას. ქმრის გარდაცვალების შემდეგ სინდი მაკკეინი მისი საქველმოქმედო ფონდების პოპულარიზაციას ეწევა. 

ბრიტანული გამოცემის თანამხად, ამ თანამდებობაზე ევროკავშირში ყოფილ ელჩს, ტონი გარნერს და ყოფილ პრეზიდენტს, ობამასაც განიხილავენ. ამჟამად აშშ-ს ელჩი ბრიტანეთში ტრამპის დანიშნული ვუდი ჯონსონია. 

"ჩემი მეუღლე, ჯონი ცხოვრობდა პრინციპით: ქვეყანა უპირველესია. დიახ, ჩვენ რესპუბლიკელები ვართ, მაგრამ პირველ რიგში ამერიკელები. ამ ბრძოლაში ერთადერთი კანდიდატია, რომელიც შეეფერება ჩვენი, როგორც ქვეყნის, ღირებულებებს და ეს ჯო ბაიდენია. მე და ჯო ყოველთვის არ ვთანხმდებით საკითხებზე და ვიცი, რომ მას და ჯონს მგზნებარე დებატები ჰქონიათ, მაგრამ ის კარგი და პატიოსანი ადამიანია. ის ღირსეულად გაგვიძღვება. ის იქნება მთავარსარდალი, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო საბრძოლო ძალა, რადგან მან იცის, როგორია შვილის ბრძოლაში გაშვება". – 23 სექტემბერს სინდი მაკკეინმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

ჯონ მაკკეინისა და ჯო ბაიდენის ოჯახებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. დონალდ ტრამპი კი 2016 წლიდან მაკკეინს აქტიურად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ სენატორი მის ყველა ინიციატივას არ უჭერდა მხარს, მაგალითად, ობამას მიერ შემოღებული ჯანდაცვის რეფორმის გაუქმებას. კამპანიის დროს ტრამპმა თქვა, რომ მაკკეინს ომის გმირად იმიტომ მიიჩნევდნენ, რომ ტყვედ ჩავარდა, მე კი ისეთი ხალხი მომწონს, ვინც ტყვედ არ ჩავარდნილაო.

"ის დამარცხდა და იმედები გაგვიცრუა. ამის შემდეგ ის აღარასოდეს მომწონებია. არ მიყვარს დამარცხებულები". – თქვა ტრამპმა.

ტრამპის ეს განცხადება გააკრიტიკა ჯო ბაიდენმა და თქვა, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ომის გმირებს, როგორებიც იყვნენ მაკკეინი და მისი შვილი, ბიუ ბაიდენი, დასცინის და დამარცხებულს უწოდებს.

ჯონ მაკკეინს ტრამპისთვის მხარი არც 2016 წლის არჩევნებზე დაუჭერია, მიზეზად კი ტრამპის მიერ ქალების მისამართით დამამცირებელი კომენტარები დაასახელა, თუმცა მას არც ტრამპის ოპონენტის, ჰილარი კლინტონის მხარდაჭერა გამოუხატავს.

ჯონ მაკკეინი 2018 წლის 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ტვინის სიმსივნით. 3 წლით ადრე ამავე დიაგნოზით გარდაიცვალა ჯო ბაიდენის შვილი, ბიუ ბაიდენი.

კომენტარები