საქართველო-რუსეთი

ხოშტარია: აბაშიძემ, კარასინთან ერთად, პრაქტიკულად დაგმო 20 ივნისის მოვლენები

ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრითა და მასთან მოლაპარაკებებით, გასული წლის 20 ივნისის მოვლენები დაგმო.

"აბაშიძემ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა, კარასინთან ერთად, ერთობლივად, პრაქტიკულად დაგმო 20 ივნისის მოვლენები, გავრილოვის ჩვენს სახელმწიფოზე დასმა დაგმო, როგორც ანტირუსული პროვოკაცია და რუსეთი გამოხატავს კმაყოფილებას, რომ ეს ხელისუფლება აღმოფხვრის მსგავს ანტირუსულ განწყობებს საქართველოში.

ანუ სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისს ერთად შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ რუსეთი ჩვენს სახელწიფოს ვერ წაგვართმევს და გავრილოვი ვერ იქნება ჩვენი პარლამენტის სკამში, აი ეს დაგმო აბაშიძემ, ანუ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა". – ამბობს ხოშტარია.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან აქტივისტებმა და ელენე ხოშტარიამ, ნამგალი და ურო დახატეს. ამით მათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გააპროტესტეს, რომელიც ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრას ეხებოდა.

პარლამენტთან პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა. ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ორივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლითაა დაკავებული.

განცხადების სრულიად ნახვა შეგიძლიათ აქ.

კომენტარები