ავტოავარია მცხეთაში

მცხეთაში ავტომობილი 30 მეტრის სიმაღლიდან მტკვარში გადავარდა – ნაპოვნია 3 ცხედარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მცხეთაში ავტოვარიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მცხეთაში გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილი მდინარე მტკვარში დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და საჭირო გახდა სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

მათივე ცნობით, ავტომობილი მთლიანად წყლით იყო დაფარული, რის გამოც მცხეთის მიმართულებით დამატებით გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით.

მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 3-ვე ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

ამ დროისთვის, მცხეთაში საძიებო სამუშაოები დასრულებულია. პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები