კორონავირუსი საქართველოში

ომბუდსმენი: შეზღუდვები, შესაძლოა, არადომინანტი რელიგიების მიმართ დისკრიმინაციული იყოს

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები, შესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს.

"შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამისთევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის". – ნათქვამია განცხადებაში

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება. რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა.

"სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, განიხილოს ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამისთევას ითვალისწინებს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

"შობა მარტო 6 იანვარი არ არის და იქნებ რელიგიების სააგენტოს გაკეთებული კალენდარი ამაში მაინც გამოიყენოთ და ნახოთ, რა საზოგადოებას ემსახურებით..." – ასე ეხმაურება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას შეზღუდვების შესახებ.

ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობამ 6-7 იანვრის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა იმიტომ მოხსნა, რომ "მოსახლეობის უმეტესი და ძირითადი ნაწილი მართლმადიდებელი საზოგადოებაა". რაც შეეხება სხვა კონფესიებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს ან 6 იანვარს აღნიშნავენ, ცქიტიშვილი ამბობს, რომ "მე მგონი, მათ პროტესტიც არ ჰქონდათ, გარკვეული აჟიოტაჟი, კითხვები მოჰყვა, ამ ადამიანებისგან ნაკლებად".

ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად საღამოს 9 საათიდან დაიწყება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს (31 დეკემბრის ღამე) და ასევე შობას (6 იანვრის ღამე) კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ არა იმ თარიღებში, როცა ქრისტესშობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ.

28 ნოემბრიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე პირების გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, იკრძალება.

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები