დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგია შემდეგ პრეზიდენტად ფორმალურად აირჩევს.
ტრამპი კვლავ უარს ამბობს 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დათმობა რთული იქნება. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა დარღვევების შესახებ, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებების მოყვანის გარეშე.
"თუ ისინი ჯო ბაიდენს აირჩევენ, დიდი შეცდომა იქნება. ძალიან რთული იქნება დათმობა, რადგან ვიცით, რომ მასშტაბური გაყალბება მოხდა". - თქვა მან.
ტრამპი უკვე დათანხმდა ჯო ბაიდენის გუნდისათვის თეთრი სახლის გადაბარების პროცესის დაწყებას. ამის შემდეგ ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის კანდიდატები წარადგინა. ტრამპმა მისი ეს ნაბიჯი გააკრიტიკა:
"ჩემი აზრით, არასწორია, რომ კაბინეტის არჩევას ცდილობს".
ტრამპმა ისაუბრა კორონავირუსის ვაქცინაზეც:
"არ მისცეთ მას უფლება, საკუთარ დამსახურებად ჩაითვალოს ვაქცინები. ეს მე ვიყავი, მე ვაწვებოდი ხალხს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე". - თქვა მან.
3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით ჯო ბაიდენმა 5.9 მილიონით მეტი ხმა მიიღო. მან საარჩევნო კოლეგიაში, ჯამში, 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა - 232. პრეზიდენტად არჩევისათვის 270 ხმა არის საჭირო. კოლეგია დეკემბერში შეიკრიბება და ბაიდენს ოფიციალურად აირჩევენ აშშ-ს პრეზიდენტად. ის პოსტს იანვარში დაიკავებს.
რა არის და როგორ მუშაობს საარჩევნო კოლეგია
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას 3 ნოემბერს დააფიქსირებს, პრეზიდენტის ვინაობას დეკემბერში საარჩევნო კოლეგია გადაწყვეტს. საარჩევნო კოლეგია 538 წევრისგან შედგება (სენატის 100 და წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილის შესაბამისად + 3 წევრი დედაქალაქ ვაშინგტონიდან). არჩევნების წინ პარტიები საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ. ისინი არ უნდა მსახურობდნენ ფედერალურ თანამდებობებზე. როგორც წესი, პარტიები წევრებს მათდამი ლოიალობის ნიშნით არჩევენ. წევრების რაოდენობა შტატების მიხედვით არის გადანაწილებული და 3-დან 55-მდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ რამხელაა შტატის მოსახლეობა. შტატისათვის მინიჭებული წევრების რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს საყოველთაო აღწერის შემდეგ, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.
შტატების უმეტესობაში მუშაობს სისტემა „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კოლეგიაში შტატის ყველა წარმომადგენელი იქნება იმ პარტიიდან, რომლის კანდიდატიც ამ შტატის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს. განსხვავებული სისტემაა მეინის და ნებრასკის შტატებში, სადაც წევრებს არა მთლიანად შტატის, არამედ ოლქების მიხედვით ირჩევენ, შესაბამისად, ამ შტატებიდან კოლეგიაში, შესაძლოა, შევიდნენ, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის მიერ შერჩეული წევრები.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფიცი, რომელსაც კოლეგიის წევრები დებენ, რომ ხმას მისცემენ იმ კანდიდატს, რომელმაც შტატში გაიმარჯვა, მისი დარღვევა მხოლოდ ზოგიერთ შტატში ისჯება. აღსანიშნავია, რომ წევრებს, რომლებმაც ფიცი დაარღვიეს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში არასოდეს უთამაშიათ გადამწყვეტი როლი.
სწორედ ამ ე.წ. „მოღალატე“ წევრების საკითხს, ასევე ხმების ხელახლა დათვლის და მსგავს საკითხებს საბოლოოდ უზენაესი სასამართლო განიხილავს. ასე მოხდა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც საქმე ეხებოდა ფლორიდაში ხმების გადათვლის საკითხს. უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, პირველადი დათვლის შედეგები ლეგიტიმურად ჩაითვალა, რამაც ჯორჯ ბუშ უმცროსს ფლორიდიდან 25 წევრის ხმა, საბოლოოდ საარჩევნო კოლეგიაში კი 271 ხმა მოუტანა (ზუსტად 1-ით მეტი იმაზე, რაც გამარჯვებისთვის იყო საჭირო).
იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიაში უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს, კონსტიტუციის მეთორმეტე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა აირჩევს. კონგრესმენები ხმას არა ინდივიდუალურად, არამედ შტატის დელეგაციის ფარგლებში აძლევენ. თითო შტატს თითო ხმა აქვს. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს, მაგრამ, ვინაიდან თითო შტატიდან თითო ხმა ითვლება, ამ წესით უმრავლესობა ამ დროისთვის რესპუბლიკური პარტიის მხარესაა. იმ შემთხვევაში, თუ შტატის დელეგაციის შიგნით ხმები გაიყო, ის გადაუწყვეტლად ჩაითვლება და არცერთ კანდიდატს არ მიენიჭება. პრეზიდენტად არჩევისათვის კანდიდატმა 50 შტატის დელეგაციიდან 26-ის ხმა უნდა მიიღოს. მსგავსი წესით აშშ-ში პრეზიდენტი 1801 და 1825 წლებში.
საარჩევნო კოლეგია აშშ-ში 1787 წლიდან არსებობს. ის კონსტიტუციის ავტორებმა კომპრომისის სახით შექმნეს, რათა მცირე ტერიტორიისა და მოსახლეობის მქონე შტატებისთვის მიეცათ გარანტია, რომ მათი მნიშვნელობა ქვეყნის მმართველის არჩევისას არ დაკნინდებოდა. კოლეგიის არსებობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს მექანიზმი აიძულებს კანდიდატებს, უყურადღებოდ არ დატოვონ მომცრო შტატები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შტატების ნაწილში მკვეთრად არის გამოკვეთილი რომელიმე პარტიისადმი მხარდაჭერა, ხოლო ზოგიერთ შტატს, ე.წ მერყევ შტატებს, გამოკვეთილი ლოიალობა რომელიმე პარტიის მიმართ არა აქვთ და სხვადასხვა დროს იქ გაუმარჯვიათ, როგორც დემოკრატებს, ასევე რესპუბლიკელებს.
მოწინააღმდეგეთა მიხედვით კი, კოლეგია დამფუძნებელმა მამებმა იმისათვის შექმნეს, რომ მთავრობასა და ხალხის მასებს შორის ერთგვარი დამცავი მექანიზმი ყოფილიყო, რადგან იმ პერიოდში ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო სრულად ინფორმირებული მსგავსი პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილების მისაღებად და უმჯობესად მიიჩნიეს, ის პარტიების მიერ შერჩეული წარმომადგენლებისთვის მიენდოთ. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ინსტიტუტი მოძველებული და უსამართლოა და უნდა გაუქმდეს.