დავითგარეჯის საქმე

დავითგარეჯის საქმეზე პროკურატურამ ნინო კალანდაძე გამოკითხვაზე დაიბარა

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. 

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, კალანდაძე "დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით" დაიბარეს. 

თავად კალანდაძე Facebook-ზე წერს, რომ ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის უფლებით ისარგებლებს. 

"ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი გამოკითხვაზე ჩემს დასაბარებლად. ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას, სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია.

რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანაში ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერჯერობით დუმს, და როცა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს მოღალატის დამსახურებული იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი აღარაფერია...". – წერს კალანდაძე. 

________________

 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები