კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას, რა ტიპის შეზღუდვები იქნება დაწესებული

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა.  

"ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან. ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ეს ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.  

მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას და ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს. არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით მნიშვნელობან შემცირებას. ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცესს და 2-კვირიანი შეფასების შემდეგ, შეიძლება შმეოვიღოთ ან მეტად უფრო გამკაცრებული სქემა, ან პირიქით, შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად მოქნილ გრაფიკზე გადაყვანას. 

ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას, რა ტიპის შეზღუდვები და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული". - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

გუშინ, 24 ნოემბერს, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ შეზღუდვები მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართული. 

"შესაძლოა, იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვა - კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით". - თქვა ცქიტიშვილმა.

25 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 114 889 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  95 581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 085 კი გარდაიცვალა. სულ 18 197 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები