ბოკერია ცქიტიშვილზე: ტალახის სროლა ივანიშვილის პოლიტიკური კლოუნების დაღი და ხელწერაა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას ეხმაურება. ცქიტიშვილმა თქვა, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება ოპოზიციის "უპასუხისმგებლო" კამპანიებისა და აქციების ბრალია.

ბოკერიას თქმით, ქვეყანაში მძიმე ეპოდემიოლოგიური ვითარების მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ ქვეყნის ჩაკეტვის პარალელურად ჯანდაცვის სისტემის მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად არაფერი გააკეთა. 

"როცა ჩაკეტეს გაუაზრებლად და დამანგრევლად მთელი ქვეყანა, არ გამოიყენეს მოსამზადებლად, კოვიდ საწოლები არ მოიმარაგეს, არ დაყვეს სამედიცინო დაწესებულებები კოვიდ და არაკოვიდ დაწესებულებებად, ცხელი ხაზი არ მოამზადეს დიდი დატვირთვისთვის, აღარ გავაგრძელებ, უამრავია ასეთი ჩამონათვალი და დღეს ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე და არის მთელი ქვეყანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში იმის გამო, რაც მთავრობამ არ გააკეთა და იმის გამო რაც გააკეთეს". – თქვა ბოკერიამ 

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ყოველთვის ერთადერთი პასუხით კმაყოფილდებოდნენ, რომ ოპონენტებისა და სხვა გარემოებებისაკენ იშვერდნენ ხელს.

"ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის, ამ ოლიგარქის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის, რომ საერთოდ არანაირი განცდა არ აქვთ იმის, რომ ხალხს უთხრან, რა ხედვა აქვთ, რას აკეთებენ, მხოლოდ ტალახის სროლა სხვისკენ. ამასობაში ეს კრიზისი გაღრმავდება, არის სრული ქაოსი და ფასს ამ მთავრობის და ამ ოლიგარქის ასეთი უტიფარი საქციელის იხდის მთელი ქვეყანა". – ამბობს ბოკერია

 

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.


მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები