დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური გადაბარების პროცესი, რათა არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმიანობას შეუდგეს.
ტრამპმა ფედერალურ სააგენტოებს მოუწოდა, ამისათვის საჭირო ნაბიჯები გადადგან, თუმცა, ამავდროულად ამბობს, რომ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გააგრძელებს.
ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მიჩიგანის შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დადასტურდა. მანამდე ჯორჯიის შტატში ჩატარებულმა გადათვლამ ასევე ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა.
"ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ მტკიცედ ვიდგებით და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ! მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მე რეკომენდაციას ვუწევ [გადაბარების პროცესის დაწყებას] შიდა პროტოკოლების გათვალისწინებით". - დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.
ჯო ბაიდენმა უკვე წარადგინა საგარეო საქმეთა და უშიშროების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელები. აშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იქნება.
ბლინკენის და საქართველოზე მისი განცხადებების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.
ბაიდენმა კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი წარადგინა, დაზვერვის სამსახურის უფროსად კი ავრილ ჰაინესი დაასახელა. არჩეულმა პრეზიდენტმა გაეროში ამერიკის ელჩად ლინდა ტომას-გრინფილდი წარადგინა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი კი ჯეიკ სალივანი იქნება.
თეთრი სახლის შტაბის უფროსად უკვე დაინიშნა რონ კლაინი, 2020 წლის კამპანიის დროს ბაიდენის მთავარი მრჩეველი, რომელიც 2009-2011 წლებში ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის შტაბის უფროსი, 1995-1999 წლებში კი კიდევ ერთი დემოკრატი ვიცეპრეზიდენტის, ალ გორის შტაბის უფროსი იყო. მან თქვა, რომ ბაიდენის კაბინეტი მრავალფეროვანი იქნება, თუმცა დანიშვნის პროცესს აფერხებდა ტრამპის ადმინისტრაციის უარი დამარცხების აღიარებაზე და თეთრი სახლის მომდევნო ადმინისტრაციისათვის გადაბარების კუთხით თანამშრომლობაზე.
3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით ჯო ბაიდენმა 5.9 მილიონით მეტი ხმა მიიღო. მან საარჩევნო კოლეგიაში ჯამში 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა - 232. კოლეგია დეკემბერში შეიკრიბება და ბაიდენს ოფიციალურად აირჩევენ აშშ-ს პრეზიდენტად. ის პოსტს იანვარში დაიკავებს.