G20: არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა COVID-19-ის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს

Twitter

მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის ლიდერების თანახმად, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა COVID-19-ის წამლები, ტესტები და ვაქცინები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

G20-ის ორდღიანი სამიტის მთავარი საკითხები პანდემია და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

G20-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, COVID-19-ის პანდემია უპრეცედენტო შოკია, რომელმაც მსოფლიოს სისუსტეები წარმოაჩინა და ხაზი გაუსვა საერთო გამოწვევებს. G20 სახელმწიფოები ერთად იმუშავებენ ადამიანთა სიცოცხლის დაცვისთვის, ყველაზე დაუცველთა მხარდაჭერისთვის, ეკონომიკების ზრდის წახალისებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

G20-ის ლიდერებმა თქვეს, რომ არ დაიშურებდნენ ძალისხმევას, რათა COVID-19-ის ვაქცინები, ტესტები და წამლები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდა. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულმა ზომებმა მსოფლიოში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტრანსპორტზე, ვაჭრობასა და მოთხოვნაზე.

G20-ის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გლობალური ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ კვლავ გააქტიურდა, რაც ზოგიერთი ეკონომიკის გახსნის შედეგია. თუმცა ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი არათანაბარია და მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ არის. 

შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. კონფერენციის დასრულებისას სამიტის ლიდერმა, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა, აღნიშნა, რომ ჯგუფმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს, რათა ის გახდეს მოქნილი, მდგრადი, ინკლუზიური და დაბალანსებული.

კომენტარები