აშშ-საქართველო

ბოკერია სახ.დეპ-ის განცხადებაზე: ვითარება მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგს გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგზე აღწერილი ვითარება ძალიან მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და რომ ევროპული საქართველოს პოზიციაში, ბოიკოტთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, არაფერი იცვლება.

"ჩვენი პოზიცია არის მყარი და არაფერი არ შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან საყურადღებო იყო ის გზავნილი, რაც ჰქონდა ვიზიტისას მდივან პომპეოს და რა თემაც იყო მისთვის წუხილის საგანი. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგს, იქაც აღწერილი ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, ის უნდა შეიცვალოს". – თქვა გიგა ბოკერიამ 

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ მიუთითებს არც ოპოზიციას და არც მთავრობას, თუ ტაქტიკურად რომელი გზა უფრო სწორია, არამედ ამ გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს საზოგადოება და ოპოზიცია.  
 
"რაც შეეხება, ტაქტიკურად რა გზა მიაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო
დეპარტამენტის წარმომადგენლის რომელიმე სპიკერს სწორად, ამ გადაწყვეტილებას
ადგილზე იღებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია, ეს ასე არის და შეერთებული
შტატები იმით განსხვავდება სწორედ და თავისუფალი სამყაროს ლიდერი სწორედ
იმიტომ არის, რომ ასე არ დგას საკითხი, რომ მიუთითონ, რომელი გზა უფრო სწორია და
ამაზე რაიმე მითითება ან ინსტრუქცია მისცენ ვინმეს ან მთავრობას, ან ოპოზიციას". – განაცხადა გიგა ბოკერიამ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.


პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

 

ქვეყნის დატოვებამდე პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის იყვნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზაციებია: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრეს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ

 

კომენტარები