აშშ

პომპეო: ყარაბაღში ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ $5 მილიონს გამოყოფს

მაიკ პომპეო
BusinessTimes

აშშ-ს საელჩო საქართველოში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას ავრცელებს, რომელიც ყარაბაღის ომის საკითხს ეხება. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ მიესალმება მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტასა და მოუწოდებს მათ, ჩაერთონ საკითხის პოლიტიკური მდგრადი გადაწყვეტის მშვიდობიან ფორმატში. 

"შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული საგანგებო ვითარების საპასუხოდ ახალ დახმარებას აცხადებს.

შეერთებული შტატები მიესალმება საომარი მოქმედებების შეწყვეტას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეერთებული შტატები მოუწოდებდა ძალადობის დასრულებისკენ და გმობდა სამხედრო ესკალაციას, რასაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზიარებთ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მწუხარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს."

ამასთანავე, პომპეოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ როგორც ეუთოს მინსკის თანათავმჯდომარე სრულად ჩართულია კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში. 

რაც შეეხება დახმარებას, პომპეოს განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 5 მილიონ დოლარს გამოყოფს. 

"ჩვენი დიპლომატიური ჩართულობის პარალელურად, შეერთებული შტატები $5 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფს, რათა მხარი დავუჭიროთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოს, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ამ დაფინანსებით, 2019 ფისკალური წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება $10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დაფინანსებაში შედის თითქმის $3.9 მილიონი დოლარის დახმარება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მოწყვლადი მიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და თემებისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს.

ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება. აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული ექსპერტები აგრძელებენ ამ კრიზისის გავლენის შეფასებას. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი არსებული პარტნიორების წვლილს და მოვუწოდებთ სხვა მთავრობებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას ახალი და მზარდი მხარდაჭერით."

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს, 17 ნოემბერს ეწვია. ვიზიტი სახელმწიფო მდივნის ტურნეს ფარგლებში გაიმართა. საქართველომდე პომპეო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთსა და თურქეთში. 

ცნობილია, რომ მაიკ პომპეო შეხვედრას გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე მუშაობენ.

კომენტარები