საპატრიარქო

"ვერავინ და ვერაფერი დაშლის ჩვენს ერთიანობას" – მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთში

Facebook/ Николай Балашов

"ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დაშლას". – თქვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოსკოვში შესრულებულ პანაშვიდზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი Facebook-ზე ავრცელებს და თან ფოტოებსაც ურთავს. 

როგორც დეკანოზი ნიკოლაი წერს, ყოველწლიური პანაშვიდი ანდრეი რუბლოვის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელს, დავით არსენიშვილს გადაუხადეს, რომლის ნათესავიც მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მისივე ცნობით, მსახურება სლავურ და ქართულ ენებზე შესრულდა. 

ფოტოების გავრცელების მიუხედავად, ტაბულა მაინც შეეცადა, ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსპიკერთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან გადაემოწმებინა. კერძოდ, დაეზუსტებინა, იმყოფება თუ არა მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ვიზიტით მოსკოვში, რაზეც დეკანოზმა გვითხრა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. 

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, მისივე ცნობით, ახალი კორონავირუსიგან რამდენიმე დღის წინ განიკურნა. 

კომენტარები