კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

AFP - Getty Images

ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დაადასტურა, თუმცა, დამატებით დეტალებზე მას არ უსაუბრია. 

როგორც თამარ გაბუნიამ თქვა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას შეისწავლის. 

"საყურადღებო შემთხვევაა და ჯანდაცვის სამინისტრო შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს". – თქვა თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში. 

16 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი - გარდაიცვალა. 16 785 აქტიური შემთხვევიდან 787 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 363 ინფიცირებული იმყოფება. საავადმყოფოებში სულ 5 658 ადამიანი მკურნალობს, 3 315 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 7 812 – ბინაზე.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები