აშშ-ს მისია ეუთოში

ეუთოში აშშ-ს ელჩი ოკუპანტების მიერ დაკავებულების, მათ შორის გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს

რიჩარდ გილმორი

ეუთოში აშშ-ს ელჩმა ჯეიმს გილმორმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის, გაეროს ელჩის, ჯიჰან სულთანოღლუს და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, რუდოლფ მიხალკას ანგარიშზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე.

"2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ინტერვენცია იყო საერთაშორისო კანონების და ჰელსინკის აქტით განსაზღვრული პრინციპების დარღვევა, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ძალის გამოუყენებლობის. ამას განცალკევებით ვერ განვიხილავთ და წარმოადგენს რუსეთის საგარეო პოლიტიკის სიმბოლოს. გვახსენდება მსგავსებები ამ ქმედებასა და ყირიმში უკანონო ქმედებებს შორის. მოვუწოდებთ ეუთოს მინისტრთა საბჭოს, გამართოს დისკუსია ამ კონფლიქტის გადასაჭერელად საჭირო ნაბიჯების თაობაზე, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რეგიონულ უსაფრთხოებას ეს საფრთხე მოეხსნას, განსაკუთრებით ამ ძალიან რთულ პერიოდში". - თქვა მან.

გილმორმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ პანდემიას ჟენევის მოლაპარაკებების გადადებისათვის იყენებენ. მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო იმის გამო, რომ ყველა მხარე არ ესწრებოდა.

"იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ რუსეთი და მისი სატელიტები პანდემიას იყენებენ საბაბად, რომ გადადონ ჟენევის მოლაპარაკებები...პანდემია ვერ გახდება წინაღობა იმ პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების გადაჭრის გზაზე, რომლებსაც ეუთოს რეგიონში ვხვდებით. აშშ აფასებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გამორჩეულ როლს ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციის გზაზე და ადგილზე უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, შეუერთდნენ დისკუსიების 51-ე რაუნდს 10-11 დეკემბერს. ამ მიმართულებით რუსეთის ქმედებები უნდა აღვიქვათ როგორც მათი პოლიტიკის, აქტივობების და მიზნების დიდი სურათის ნაწილი". - თქვა მან.

აშშ-ს ელჩი რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს ძალები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვით და უკან წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება:

"აშშ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის როგორც ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და მათი მოქალაქეების მომავალი უკეთესი იქნება რეალური ქვეყნის შემადგენლობაში, ეს ქვეყანა კი საქართველოა. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლენის გავრცელების და მათი მცხოვრებლების მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან იზოლაციის მცდელობაა. ეს აგრესია გრძელდება, რათა პირდაპირი და ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს კონფლიქტისაგან დაზარალებულ მოსახლეობაზე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. მოვუწოდებთ რუსეთს და დე-ფაქტო მთავრობებს, გაათავისუფლონ დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ზაზა გახელაძე, და აღადგინონ მიმოსვლა და წვდომა სამედიცინო დახმარებაზე. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში და უკანონო დაკავებაში დამნაშავე პირები პასუხს აგებენ". - თქვა მან.

ჯეიმს გილმორმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, აღდგეს ეუთოს მისია საქართველოში, რომელიც შეძლებს, დაუბრკოლებლად გადაკვეთოს ადმინისტრაციული საზღვარი.

"მისასალმებელი იქნება ეუთოს საველე მისიის აღდგენა საქართველოში, რომელიც შეძლებს, დაუბრკოლებლად გადაკვეთოს ადმინისტრაციული საზღვარი. ეუთოს მისია, რომელსაც სრული წვდომა ექნება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. ეს საჭიროა დაძაბულობის შესამცირებლად და ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად". - თქვა მან.

გამოსვლის ბოლოს ეუთოში აშშ-ს ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები