კორონავირუსი საქართველოში

EMC: შეწყვიტოს შსს-მ ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების დაჯარიმება

რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 10 ნოემბერს, საპატრულო პოლიციის მიერ კომენდანტის საათის დროს, უსახლკარო პირის მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება და სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება  და მის ნაცვლად მიიღოს ყველა ზომა მათი თავშესაფრის უზრუნველსაყოფად.

"საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობისა და მინიმალური მხარდაჭერითი  სერვისების არარსებობის პარალელურად, კიდევ უფრო შემაშფოთებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი პირების მიმართ. მათთვის სოციალური უსაფრთხოების და თავშესაფრის სერვისების შეთავაზების ნაცვლად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს მათ კრიტიკულ და ბაზისურ საჭიროებებს და საპასუხოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. ვირუსის უპრეცედენტოდ მაღალი გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, ზრუნვის ნაცვლად სახელმწიფო სჯის ადამიანებს უსახლკარობისთვის და პრაქტიკულად მიუსაფარ პირებს არ უტოვებს საჯარო სივრცეებს არსებობისთვის.

სახელმწიფოს მიდგომა, რომელიც სოციალური მხარდაჭერის ნაცვლად სადამსჯელო მექანიზმებს იყენებს მწვავე პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. პანდემიის მიმდინარეობისას მთავრობის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის კანონიერი და პროპორციული ღონისძიებების დაწესება და აღსრულება უნდა იყოს, თუმცა ამ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დასჯის ნაცვლად ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება". - წერია განცხადებაში. 

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს 

  • ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით და შეწყვიტოს მიუსაფარი ჯგუფების მიმართ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ან/და სხვაგვარი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების პრაქტიკა;

  • მუნიციპალიტეტებთან და სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით უმოკლეს დროში უზრუნველყოს მიუსაფარი პირების პროაქტიური იდენტიფიცირება და მათი გადაყვანა უსაფრთხო თავშესაფრებში სადაც მათ ექნებათ წვდომა მინიმალურ სერვისებზე;

საქართველოს მთავრობას

  • გაატაროს დროული და ეფექტიანი პოლიტიკა უსახლკარო პირების ბაზისური სოციალური უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის.

კომენტარები