ფაშინიანი: განცხადებისთვის ხელი რომ არ მოგვეწერა 20 000 ჯარისკაცი ალყაში მოექცეოდა

ნიკოლ ფაშინიანი
mediamax

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც რუსეთთან და აზერბაიჯანთან ერთად მთიანი ყარაბაღის საკითხზე სამმხრივი განცხადების ხელმოწერის მიზეზებზე საუბრობს. ფაშინიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას ხელს არ მოაწერდა, ყარაბაღში მყოფი 20 ათასი ჯარისკაცი ალყაში მოექცეოდა.

"შესაძლოა, ჩვენ მომდევნო დღეებში სტეფანაკერტი დაგვეკარგა, ამის შემდეგ დავკარგავდით ასკერანს და მარტაკერტს. ამ ქალაქების დაკარგვით 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი ალყაში აღმოჩნდებოდა, დაიღუპებოდა ან ტყვედ ჩავარდებოდა, ქალბაჯარის და ლაჩინის დაცემა გარდაუვალი იყო". - თქვა მან.

ფაშინიანი ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელსაც 10 ნოემბერს ხელი მოაწერა, მთიანი ყარაბაღის საკითხს საბოლოოდ არ წყვეტს.

"ეს დოკუმენტი არ გვთავაზობს ყარაბაღის საკითხის არსებით გადაწყვეტას. ის მხოლოდ ყარაბაღში ომის შეწყვეტას შეეხება. კონფლიქტი როგორც არ იყო გადაჭრილი ადრე, ასევე არ არის ახლაც". - თქვა მან.

სომხეთის პრემიერმინისტრი ასევე საუბრობს რეგიონში განლაგებულ რუს სამშვიდობოებზე და ამბობს, რომ ისინი ერევანსა და სტეფანაკერტს შორის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ:

"რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებთა უსაფრთხოებას. ისინი ასევე უზრუნველყოფენ ერევანსა და სტეფანაკერტს შორის უსაფრთხო და სტაბილურ კავშირს". - თქვა მან.

10 ნოემბერს სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოების განლაგებაა. პროცესი რუსეთმა შეთანხმების ხელმოწერისთანავე დაიწყო.

მთიანი ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ 1 960 მსუბუქად შეიარაღებული სამხედრო განლაგდება. ასევე განთავსდება 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ავტომობილი და სპეციალური აღჭურვილობა.

შეთანხმების მიხედვით, რუსული კონტინგენტი ყარაბაღში 5 წლის განმავლობაში დარჩება. მათი იქ ყოფნა ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ 5 წლით, თუ ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე არცერთი მხარე არ გამოხატავს ამ პუნქტის მოქმედების შეწყვეტის სურვილს.

მთლიანობაში მთიანი ყარაბაღის რეგიონთან მხარეების კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ლაჩინის კორიდორში 16 სადამკვირვებლო პუნქტი მოეწყობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების განლაგების რუკები გაავრცელა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ თურქეთი მონაწილეობას მიიღებს რეგიონში სამშვიდობო პროცესებში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთთან ერთად გააკონტროლებს მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმების შესრულებას.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ყარაბაღში თურქი სამშვიდობოები არ იქნებიან.

სომხეთის მიერ განცხადების ხელმოწერას ქვეყანაში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. 10 ნოემბერს მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

11 ნოემბერს ერევანში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები. პროტესტის მონაწილეებმა ფაშინიანს გადადგომისათვის დრო შუაღამემდე მისცეს, თუმცა მან ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები