საქართველო-აშშ

გახარია პომპეოს ვიზიტზე: ადასტურებს, რომ აშშ-სთან პარტნიორობის ასეთი დონე ჯერ არ ყოფილა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ვიზიტს საქართველოსა და აშშ-ს შორის ისტორიულად ჯერ არნახული დონის პარტნიორობად მიიჩნევს.

"ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, დღეს საქართველოსა და აშშ-ს  შორის სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა". – ამბობს გახარია. 

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა COVID-19-ისა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, ახლა სახელმწიფო სრულად კონცენტრირებული ამ ვიზიტზე უნდა იყოს, რომელიც 17-18 ნოემბერს შედგება. 

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებს, უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ  ვემზადებით სასაუბროდ  და რომლებიც შემოთავაზებული იყო სასაუბროდ ჩვენი კოლეგების მხრიდან.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ქვეყნის, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმავოს დღეს ისედაც მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით, დღეს რეგიონისთვის  იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე  პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, უსაფრთხოებაზეც და მომავალზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს". –ამბობს გახარია. 

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

კომენტარები