საქართველო-აშშ

ზალკალიანი პომპეოზე: აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი "წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს." 

"ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი პარტნიორის ურყევ მხარდაჭერასა და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და უაღრესად ნაყოფიერ თანამშრომლობას. 

ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით. [...] ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი". – ამბობს ზალკალიანი. 

მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობის ძირითად საკითხებთან ერთად, პომპეოსთან ისაუბრებენ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, "სიტუაციაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს გარშემო და, ბუნებრივია, საქართველოს როლზე."

ზალკალიანის თქმით, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, კათოლიკოს-პატრიარქსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. 

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

კომენტარები