კრემლი: ყარაბაღში თურქი სამშვიდობოების განთავსებაზე შეთანხმებაში ერთი სიტყვაც არ წერია

დმიტრი პესკოვი
interaffairs.ru

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ დოკუმენტში საუბარი არ არის რეგიონში თურქი სამშვიდობოების განთავსებაზე და ეს არავისთან შეთანხმებულა.

"ამაზე შემიძლია, შემდეგი კომენტარი გავაკეთო: ამაზე ერთი სიტყვაც კი არ წერია განცხადების ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა. ამაზე არ შეთანხმებულა სამი მხარე. ყარაბაღში თურქი სამხედროების ყოფნა შეთანხმებული არ ყოფილა". – თქვა მან.

პესკოვმა თქვა, რომ რეგიონში უკვე გაგზავნეს რუსი სამშვიდობოები, რათა "შეწყდეს ომი და გაკონტროლდეს მშვიდობის შენარჩუნება". მისივე თქმით, შეთანხმება გათვლილია იმაზე, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში იმუშაოს და სწორედ ამიტომ არ არის დაკონკრეტებული მთიანი ყარაბაღის სტატუსი.

პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ეს შეთანხმება სამმხრივია და მასში აშშ და საფრანგეთი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, არ მონაწილეობდნენ.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ რუსული და თურქული მედია წერს.

საუბრის დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. პარალელურად, აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთი და თურქეთი ყარაბაღში ერთობლივი მონიტორინგის მისიის შექმნაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მან თქვა, რომ თურქეთი მონაწილეობას მიიღებს რეგიონში სამშვიდობო პროცესებში, თუმცა ეს შეთანხმებაში, რომელსაც ალიევმა და პუტინმა ვიდეოზარის დროს მოაწერეს ხელი, ნახსენები არ არის. ოფიციალურ ანკარას განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე დაიწყო.

შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს. შედეგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც 27 სექტემბრის შემდეგ აიღო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქ შუშას. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს აღდამის მხარეში დაკავებული ტერიტორიები, ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონები. თუმცა, დარჩება ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან.

ასევე, სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ. რუსი სამშვიდობოები ფრონტის ხაზის და ასევე მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

კომენტარები