ფაშინიანი: რა თქმა უნდა, სომხეთში ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრემიერმინისტრი

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას რუსეთთან და აზერბაიჯანთან მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებისთვის შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

მომიტინგეები შეიჭრნენ მთავრობის სახლში და პარლამენტის შენობაში, სადაც პარლამენტის სპიკერს დაესხნენ თავს.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. მან თანამოქალაქეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა.

"ვთხოვ ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ჩემი სჯერა, მოემზადოს ბრძოლისთვის". – წერს ის.

"დღეს ისინი, ვინც მთავრობის შენობების ფანჯრებს ამსხვრევენ, ზურგში დანას სცემენ ჩვენს ჯარისკაცებს". - თქვა მან ვიდეომიმართვაში.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ გაბრაზებულ მომიტინგეს გულწრფელი განზრახვა ამოძრავებს. ისინი ბევრნი არიან. მათი ნაწილი დაცემული ჯარისკაცების ოჯახების წევრები არიან. მე მათ ქედს ვუხრი.

დღეს მითხრეს, რომ [არეულობის წამომწყებთა შორის] იყვნენ ოლიგარქების ჯგუფები. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩვენს ჯარისკაცებს 20 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ, ჩვენი არმიიდან 20 წელი იპარავდნენ, 20 წელი გადასახადებს არ იხდიდნენ. დღეს ისინი "ღალატზე" საუბრობენ.

რა ესაქმებათ მათ ერევანში? არ ესმოდათ არცახის პრეზიდენტის მოწოდებები დახმარების თხოვნაზე? რას აკეთებენ ერევანში კამუფლაჟიანი სამოსით? როგორც ჩანს, ახლა არის შესაფერისი დრო იმისათვის, რომ დაიცვან ის, რაც მიიტაცეს.

იცით, რატომ შეძლეს ამბოხებულებმა სამთავრობო შენობებში შეჭრა? იმიტომ, რომ ყველა პოლიციელი ფრონტის ხაზს იცავს. ჩემი შვილი და ცოლიც ფრონტის წინა ხაზზე არიან. და მე ამით ვამაყობ". - თქვა მან.

ფაშინიანი ასევე აცხადებს, რომ სომხეთშია და აგრძელებს პოსტზე მუშაობას. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა და არმია ერთობლივად მოქმედებენ.

ფაშინიანმა დაწერა, რომ პრემიერმინისტრის რეზიდენციაში შეჭრილმა პირებმა მოიპარეს კომპიუტერი და სხვა ნივთები. მისი თქმით, პარლამენტის სპიკერზე თავდასხმის ბრალდებით უკვე დააკავეს ორი პირი.

რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე დაიწყო

შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს. შედეგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც 27 სექტემბრის შემდეგ აიღო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქ შუშას. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს აღდამის მხარეში დაკავებული ტერიტორიები, ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონები. თუმცა, დარჩება ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან.

ასევე, სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ. რუსი სამშვიდობოები ფრონტის ხაზის და ასევე მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

კომენტარები