მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალების განლაგება დაიწყო

ვლადიმირ პუტინი
Reuters

მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განლაგდნენ. მათი განთავსება გაწერილი იყო შეთანხმებაში, რომელსაც ხელი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რუსეთის პრეზიდენტთან ერთად მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს.

შედეგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც 27 სექტემბრის შემდეგ აიღო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქ შუშას. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს აღდამის მხარეში დაკავებული ტერიტორიები, ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონები. თუმცა, დარჩება ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან.

ასევე სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ.

რუსი სამშვიდობოები ფრონტის ხაზის და ასევე მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით მათ უკვე დაიწყეს შეთანხმებით გათვალისწინებული 1 960 სამხედროს გაგზავნა ადგილზე. ასევე გასაგზავნად მზადაა სამხედრო ტექნიკაც, რომელშიც შედის 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ერთეული ავტომობილი და სპეციალური აღჭურვილობა.

შეთანხმების მიხედვით, კონტიგენტი აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 წლით განთავსდება. მათი იქ ყოფნის ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ 5 წლით, თუ არც ერთი მხარე არ მოითხოვს 6 თვით ადრე შეთანხმების ამ პუნქტის შეწყვეტას.

"ჩვენ ვხელმძღვანელობთ პირობით, რომ შეთანხმებამ უნდა შექმნას საჭირო პირობები მთიან ყარაბაღში კრიზისის ხანგრძლივი და სრული გადაწყვეტისთვის, სამართლიანად და სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით". - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

შეთანხმება მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას და ტყვეთა გაცვლასაც.

შეთანხმებაში არ არის საუბარი მთიანი ყარაბაღის სტატუსზე. ასევე არ არის ნახსენები თურქეთის როლი, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს. მისი თქმით, თურქეთი მონაწილეობას მიიღებს რეგიონში სამშვიდობო პროცესებში.

მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განაცხადა, ერევანში მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ისინი პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები