აქცია ცესკოსთან

ბოკერია: პროტესტი გაგრძელდება, რომც დასჭირდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე ჩვენ გვსურდა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ჯამში საზოგადოების პროტესტი ამ ეტაპზე არის სრულად მშვიდობიანი. TV პირველთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ ვითარებას ხელისუფლება ამძიმებს.

"ვიღაცის ემოციური რეაქცია საერთო სურათს არ ცვლის, მაგრამ ეს რეჟიმი იმდენად ნევროტულია, რომ ბუნებრივია, ამძიმებს ვითარებას ყველა ნაბიჯით, ეს ზრდის ბრაზს, აზიანებს ქვეყანას და ზრდის რისკებს ქვეყნისთვის. მაგრამ ჩვენ ვერ და არ ვიქნებით მძევლები ივანიშვილის რეჟიმის, რომ "იცი რა, მე ასეთი სამარცხვინო ვარ, შეიძლება, ასე სამარცხვინოდ მოვიქცეთ, ამიტომ თქვენ პროტესტი არ გააგრძელოთ".

უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება მშვიდობიანად. პროტესტი გაგრძელდება, რომც დასჭირდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე ჩვენ გვსურდა". – თქვა ბოკერიამ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე პროტესტი 9 ნოემბერს, 18:00-ზე, რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება. ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ აქტივისტებს, დაიშალონ და ხვალ შეიკრიბონ. ჯერჯერობით, ცესკოსთან აქტივისტები ისევ რჩებიან. 

ცესკოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუფრთხილებლად გამოიყენა. მათ აქტივისტები არც წინასწარ გაუფრთხილებიათ და მათთვის არც დაშლისკენ მოუწოდებიათ. მოგვიანებით, სპეცრაზმმა აქციის დაშლა ხელკეტებითაც სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენება "გადაუდებელი აუცილებლობა" იყო. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი - როგორც კადრებში ჩანს, მას თვალი დაუზიანდა.

ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ სპეცრაზზმმა აირიც გამოიყენა - თუმცა ამას შსს არ ადასტურებს და დეზინფორმაციას უწოდებს.

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები