აქცია ცესკოსთან

მდინარაძე: როგორც ჩანს, არ მოსწონთ 30 უბანზე ხმების გადათვლის უპრეცედენტო გადაწყვეტილება

მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან. როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით ოცდაათ უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები. დამატებით, სასამართლოს დავალებით უკვე მიმდინარეობს ათამდე უბანზე გადათვლა. ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არათუ გაყალბების რაიმე ფაქტი. ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს.

თქვა მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაზე.

კომენტარები