კორონავირუსი საქართველოში

სისხლის საერთო, სატურაცია, D-დიმერი – ბინაზე მყოფთა ნაწილს გამოკვლევები ჩაუტარდება

COVID-სასტუმროში მოთავსებულ ყველა პირს და ბინაზე დატოვებულთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება - D დიმერი, სისხლის საერთო ანალიზი და სატურაცია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მას არ უთქვამს, რა პრინციპით აირჩევენ, ბინაზე დარჩენილ რომელ პაციენტს გაუკეთებენ გამოკვლევებს, თუმცა, აღნიშნა, რომ ბინაზე მხოლოდ უსიმპტომო და ძალიან დაბალი რისკის მქონე ინფიცირებულები დარჩებიან. დანარჩენ მსუბუქ პაციენტებს სასტუმროებში გადაიყვანენ.

"დღეიდან სავალდებულო და სისტემური იქნება. ევროპისა და ამერიკის არც ერთ ქვეყანას არ აქვს ასეთი ვალდებულება აღებული, რომ ბინაზე დატოვებულებს ეს სამი ძირითადი გამოკვლევა ჩაუტაროს" - ამბობს ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, "D-დიმერის განსაზღვრა გვაძლევს სიგნალს, აქვს თუ არა თრომბოემბოლიური გართულების რისკი პაციენტს და, როგორც იცით, რომ სიკვდილობის თითქმის მეოთხედი თრომბოებოლიური გართულებითაა განპირობებული, ხოლო ბინაზე დატოვებულებს შორის თითქმის 100%-ით".

რაც შეეხება სისხლის საერთო ანალიზს, თენგიზ ცერცვაძის თქმით, "ეს იძლევა წარმოდგენას, რამდენად მძიმეა პროცესი, ხომ არაა ბაქტერიული გართულება და ხომ არაა საჭირო მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა და სხვა საშუალებები".

სატურაციის განსაზღვრით კი დგინდება, ხომ არ არის ჟანგბადდამოკიდებული ბინაზე დატოვებული პაციენტი.

"შეიძლება, ის ვერ გრძნობდეს, რომ ჟანგბადდამოკიდებულია და თავისუფლად სუნთქავდეს. ეს კოვიდს ახასიათებს, მაგრამ, შეიძლება, სისხლში ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა არ იყოს. ასეთი პაციენტები არიან მთავარი რისკჯგუფი დამძიმებისა და სიკვდილობის. ასეთ პაციენტებს ბინიდან სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანენ" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ "ეს არ კეთდება არც ერთ ქვეყანაში“.

კომენტარები