კორონავირუსი საქართველოში

გირჩი: თუ მთავრობა შეზღუდვებს არ მოხსნის, "ანტივირუსული" ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ

გირჩი

პოლიტიკური მოძრაობა გირჩი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციას ურჩევს, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და მხარი დაუჭირონ იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას. გირჩი ასევე მოუწოდებს მთავრობას, არ მიიღოს არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად.

"გაზაფხულიდან ვირუსთან ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა.
თუ ადრე მოსახლეობაზე მზრუნველობის მოტივით ადამიანების დევნა, მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა, ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით გამოიყენება.

შეზღუდვები ანადგურებს ეკონომიკას, ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს იმ პირობებში, რომ ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ინფექციის გავრცელებაზე ვერ ახდენს და ეპიდემიას უფრო საშიშადაც აქცევს.

ასეთი მოდგომა არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, გამიჯნოს, თუ რა არის ნამდვილი თავდაცვის საშუალება და რა არის პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი.

მოვუწოდებთ და ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც, შეიძლება, აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად.

პოლიტიკურ ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ვურჩევთ, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და დაუჭირონ მხარი იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას და ქვეყნის საზღვრების გახსნას.

მთავრობის მიერ შეზღუდვების არმოხსნის და დაანონსებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, მოგიწოდებთ ყველას, 8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არამედ მთავრობის “ანტივირუსული” ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ, რომლებმაც ამ უმძიმეს სიტუაციამდე მიგვიყვანა" - აცხადებს გირჩი.

5 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

გარდა ამისა, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, რა დამატებითი შეზღუდვების დაწესებაა შესაძლებელი ვირუსის გავრცელების შესანელებლად და მობილობის შესამცირებლად. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

კომენტარები