რუსეთი

რუსეთში, შესაძლოა, მიიღონ კანონი, რითაც ექსპრეზიდენტის იმუნიტეტი დევნის მიმართ გაფართოვდება

ვლადიმირ პუტინი
POLITICO

რუსეთის ექსპრეზიდენტების იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ, შესაძლოა, გავრცელდეს ნებისმიერ დანაშაულზე, რაც მათ სიცოცხლის განმავლობაში ჩაუდენიათ და არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის დროს. კანონპროექტი დუმაში 5 ნოემბერს დაარეგისტრირეს. 

ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს მიღებული კანონის თანახმად, რუსეთში ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ იმუნიტეტი დანაშაულების მიმართ, რაც მათ ადმინისტრაციაში ყოფნის დროს ჩაიდინეს. 

ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უფრო რთული იქნება ყოფილი პრეზიდენტების გაფართოებული იმუნიტეტის გაუქმება.

კანონის გასაუქმებლად საჭირო იქნება, რომ ქვედა პალატის საკმარისად ძლიერი ბრალდებების საფუძველზე პარლამენტის ზედა პალატამ ცვლილებას უმრავლესობით დაუჭიროს მხარი. საკმარისად ძლიერი ბრალდება შეიძლება იყოს ის, რომ პრეზიდენტმა ჩაიდინა ღალატი ან სხვა მძიმე დანაშაული.

ახალი კანონპროექტი კანონი გახდება იმ შემთხვევაში თუ ქვედა პალატა სამი მოსმენით მიიღებს, ზედა პალატა მხარს დაუჭერს და შემდეგ პუტინი ცვლილებას ხელს მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას უნულებს და საშუალებას აძლევს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

ივლისში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, რუსეთის ცესკოს ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 65%-მა და მათგან 77.92% ცვლილებებს ემხრობა, 21.27% კი წინააღმდეგია. ისინი ირწმუნებიან, რომ რეფერენდუმი სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონი თავად ცესკომ დაარღვია, როდესაც წინასწარი შედეგები უბნების დახურვამდე გამოაცხადა. ოპონენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ.

რეფერენდუმამდე კრემლი ცდილობდა, ყურადღება გადაეტანა იმ ფაქტიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი იყო პუტინისათვის საპრეზიდენტო ვადების განულება და იმის უზრუნველყოფა, რომ მას კიდევ ორი ვადით შესძლებოდა პრეზიდენტის პოსტის დაკავება. სანაცვლოდ, ისინი სხვა ისეთ საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორიცაა სოციალური დახმარების გაზრდა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მაისის გამოკითხვის მიხედვით, პუტინისადმი ნდობა რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 28%-ს ჰქონდა. ორი წლის წინ ნდობის მაჩვენებელი 47% იყო.

კომენტარები