კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის ინფიცირებამ მოიმატა — დღეს 209 შემთხვევა გვაქვს

NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 295 ახალი შემთხვევიდან 209 სამედიცინო პერსონალია. 

"კვლავ მინდა მივმართო, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ ჩემი კოლეგები. სამედიცინო პერსონალში ისევ მოიმატა ინფიცირებამ, დღეს დილით გვაქვს 209 შემთხვევა. მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, თუ რაოდენ კრიტიკულია დღეს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა. იმიტომ, რომ სწორედ ისინი ემსახურებიან ინფიცირებულ ადამიანებს.  

მაგრამ, ეს მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ეს ხდება ყველა ქვეყანაში, ჯერჯერობით, ჩვენთან 6%-ზე მეტი არ არის სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი. ეს არ არის მაღალი, მაგრამ თითოეული დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გარკვეული დროის განმავლობაში აკლდება ავადმყოფთა მოვლას. ამიტომ, ჩვენმა კოლეგებმა მეტად უნდა დაიცვან ინფექციის კონტროლის ყველა ის ღონისძიება, რაც რეკომენდირებულია სამედიცინო დაწესებულებებში". – ამბობს გამყრელიძე. 

4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები