ფიზიკური ძალადობა გიორგი რურუაზე

პრესსამსახური: თალაკვაძემ დააკმაყოფილა სამადაშვილის განცხადება რურუას მონახულებაზე

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დააკმაყოფილა ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის განცხადება გიორგი რურუას მონახულებასთან დაკავშირებით.

"სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, დართოს ნება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გიორგი რურუას მოსანახულებლად. აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია, გიორგი რურუა მოინახულოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება - არასწორია". – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გუშინ, 2 ნოემბერს, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

 

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რურუა ადვოკატთან ვიზიტის მიზნით საკნიდან გამოიყვანეს. დაახლოებით, 15:25 სთ-ზე, პირველი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში იმყოფებოდა და ტელეფონით სარგებლობდა. მომხდარის შედეგად, გიორგი რურუას სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

კომენტარები