ტერორისტული თავდასხმა ავსტრიაში

ავსტრიის შს მინისტრი: ვენაში თავდასხმა, სულ მცირე, ერთმა ისლამისტმა ტერორისტმა მოაწყო

Reuters

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, კარლ ნეჰამერის თქმით, ვენაში მომხდარი თავდასხმა ისლამისტმა ტერორისტებმა მოაწყვეს.

"ჩვენ გუშინ თავს დაგვატყდა თავდასხმა, რომელიც, სულ მცირე, ერთმა ისლამისტმა ტერორისტმა მოაწყო. ასეთი მდგომარეობა ავსტრიაში ათწლეულებია, არ გვქონია. ავსტრია 75 წელია, ძლიერი, შემდგარი დემოკრატიაა, რომლის იდენტობას განსაზღვრავს ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, მაგრამ ასევე ტოლერანტობა და ადამიანთა თანაარსებობა. გუშინდელი შემთხვევა სწორედ ამ ღირებულებებზე თავდასხმაა". – თქვა მან.

პოლიცია შეიარაღებულ თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებს. ძებნაში ჩართულია 1 000-ზე მეტი სამართალდამცველი. მოსახლეობას მოუწოდებენ, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

პოლიციამ მოკლა ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც თან ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა. გამოძიების მიხედვით, ის ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი იყო. მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ვიდეო მასალა, რომლის მეშვეობითაც პოლიცია ცდილობს სხვა თავდამსხმელების ამოცნობას.

თავდასხმები ვენაში, 6 ადგილას მოხდა. ერთ-ერთი მათგანი მთავარი სინაგოგა იყო. თავდამსხმელებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ბარებსა და რესტორნებში მყოფ ადამიანებს. ოფიციალური მონაცემებით, თავდამსხმელებმა მოკლეს 4 მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილია 15 პირი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ავსტრიაში დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

კომენტარები