ტერორისტული თავდასხმა ავსტრიაში

ვენის ცენტრში, სინაგოგასთან შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, არიან დაჭრილები

ავსტრიის დედაქალაქში, ვენის ცენტრში მდებარე სინაგოგასთან რამდენიმე საათის წინ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Kronen Zeitung ავრცელებს. 

პოლიციამ გამოცემასთან საუბარში დაადასტურა მასშტაბური სპეცოპერაციის მიმდინარეობა. 

არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა ერთი პოლიციელი, ხოლო თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. პოლიციამ ალყა შემოარტყა რაიონს, რომელშიც სროლა მოხდა და ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებს ატარებს. გამოცემის ცნობით, გადაკეტილია რამდენიმე ახლოს მდებარე ქუჩაც. 

თავდასხმის შემდეგ განცხადება გაავრცელა ავსტრიაში ებრაული თემის ორგანიზაციამაც. ორგანიზაცია ებრაული თემის წევრებს მოუწოდებს, არ დატოვონ თავიანთი სახლები. 

მოგვიანებით, გამოცემა Kronen Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ადგილზე მოხდა აფეთქებაც, გამოცემის ინფორმაციით, ეს შესაძლოა, ყოფილიყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ე.წ. შაჰიდის ქამარი. 

ამასთანავე ცნობილია, რომ თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და რომ მათ მიმალვა მოახერხეს. ვენის პოლიციამ თავის განცხადებაში დაადასტურა თავდასხმისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია და მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ ცენტრალური რაიონში ვიზიტისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან. 

კომენტარები