გრიპის ვაქცინა

გამყრელიძე: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 77 000 დოზა შემოვიდა, მივმართავ რისკ-ჯგუფებს, აიცრან

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 77 000 დოზა შემოვიდა. გამყრელიძე რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს მოუწოდებს, დროულად აიცრან. 

"წინა შემოტანის 25 000 დოზიდან 13 000 იყო ათვისებული იმ რისკჯგუფებზე, რომლებსაც პირველ ეტაპზე მოვუწოდეთ - ორსულებს, ბაღის აღმზრდელებს, შიდსიანებს, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფებს და ა.შ. დღეიდან უკვე შეიძლება მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მთლიანად გაფართოვდეს - ვინც რისკჯგუფებში არია.

დღეიდან დაიწყება ფართო რისკჯგუფები - ეს არის სამედიცინო პერსონალი, ყველა დიაბეტიანი და, ასევე, 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული, გულსისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - ასთმა, ემფიზემა..." - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

გამყრელიძის თქმით, რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს იმ პოლიკლინიკებში შეუძლიათ აცრის გაკეთება, სადაც ამცრელი კაბინეტები აქვთ.

"გრიპის აცრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, რესპირაციულ სეზონზე. მე გითხარით დაახლოებით რაოდენობები, რაც სახელმწიფოს აქვს და ექნება - 25 000 შემოსული იყო, 77 000 გუშინ ღამით შემოვიდა, 110 000 შემოვა კვირას და კიდევ 23 000 შემოვა ნოემბრის შუა რიცხვებში. დაახლოებით, როგორც მაქვს ინფორმაცია, 40 000 შემოაქვს კერძო სექტორს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინა რისკჯგუფებზე იქნება უფასო, კერძო სექტორის კი ფასიანი. 

ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ ჩანს, ის, ალბათ, ნოემბრის შუაში, ბოლოს გამოჩნდება ცირკულაციაში. ამიტომ, მივმართავ მოსახლეობას, ამ რისკჯგუფებს, დროულად მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან." - ამბობს ის. 

კლინიკები, სადაც რისკ-ჯგუფში მყოფებს უფასოდ შეგიძლიათ გრიპზე აცრა - ნახეთ აქ.

კომენტარები