პომპეო ფაშინიანს და ალიევს: საომარი მოქმედებების შეწყვეტის ვალდებულებები შეასრულეთ

მაიკ პომპეო
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს დაჟინებით მოუწოდა, რომ საომარი მოქმედებები შეაჩერონ და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება გააგრძელონ.

როგორც სახელმწიფო მდივნის სპიკერის, მორგან ორტაგუსის, განცხადებაშია აღნიშნული, პომპეო ცალ-ცალკე ესაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. 

"სახელმწიფო მდივანმა პომპეომ დაჟინებით მოუწოდა ლიდერებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება განაგრძონ, ასევე აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულიად შესრულების მნიშვნელობას, რაც 10 ოქტომბერს მოსკოვში შეთანხმდა და დადასტურდა პარიზში გამოქვეყნებული განცხადებით 17 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, 2020 წლის პირველი ოქტომბრის ერთობლივი განცხადების შესაბამისად".

პომპეომ სატელეფონო საუბრების შესახებ თავის Twitter-ის გვერდზეც დაწერა: "სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიან ცხოვრებას იმსახურებენ". 

ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალაში 26 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 8:00-ზე შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლიდან მალევე, ორივე მხარემ ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხურმა სამხედრო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ტერტერსა და მის გარშემო არსებულ სოფლებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალების პოზიციებს რეგიონის ჩრდილო აღმოსავლეთით.

ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების შესახებ აშშ-ს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი მხარს უჭერენ 10 ოქტომბერს მოსკოვში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციას.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა, ომი აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად მიმდინარეობს. წინა დაპირისპირებებისგან განსხვავებით, მიმდინარე კონფლიქტში, მხარეებს შორის განსაკუთრებით ხშირად იყენებენ დრონებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

კომენტარები