სოსო ჯაჭვლიანი

ჯაჭვლიანი: ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი აღარ ვარ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს

reportiori.ge

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, სოსო ჯაჭვლიანი პარტიას ტოვებს. მთავარი არხის ეთერში ჯაჭვლიანმა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, კონკრეტულად კი კახა კალაძე მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.

"კალაძემ ხომ თქვა, მე არ ვიცი სოსო ჩვენი გუნდის წევრი არის თუ არ არისო, ეს მის ნამუსზე იყოს. ამ წუთიდან მე ქართული ოცნების წევრი აღარ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს". – თქვა სოსო ჯაჭვლიანმა. 

ჯაჭვლიანი თქმით, კალაძე უშუალოდ არის დაინტერესებული საკუთარი გავლენა ჰქონდეს ყველა სპორტულ ფედერაციაში და ამისთვის ის ყველანაირ მეთოდს იყენებს. 

"იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაიწყეს ნადირობა და მუქარა. ამიტომ, დღეიდან ვაცხადებ საჯარო ბრძოლას ამ უნამუსო დამნაშავეების წინააღმდეგ. ამავე დროს, მოვითხოვ ყველა ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც ღიად ადასტურებს ჩვენი ფედერაციის კანონიერ საქმიანობას". – ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.

ჯაჭვლიანი დაპირისპირების გაღვივების მიზეზად პარტიაში მის პოზიციას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მასზე "ნადირობა" ქართული ოცნების მოქმედებებზე მის მიერ გამოხატული წყენით აიხსნება.

"ჩვენ, როცა 2012 წელს მოვედით, ხალხს სამართლიანობის აღდგენას ვპირდებოდით, რომ არ ყოფილიყვნენ ზონდერები, ყოფილიყო ქონების დაბრუნება. აქედან რაც შესრულდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის – 95% არაფერი არ შესრულდა, აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის გამოვხატავდი ჩემს წყენას ამასთან დაკავშირებით. ეტყობა, აქედან დაიწყო ჩემზე ნადირობა". – ამბობს ჯაჭვლიანი.

ჯაჭვლიანი ასევე ეხმაურება 17 ოქტომბერს მკლავჭიდის ფედერაციის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას. მისი თქმით, ეს "გაჩმორების აქტი" იყო.

დაპირისპირებისას ადგილზე მისული მწვრთნელები, მკლავჭიდელები და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, რევაზ ლუთიძე, მოითხოვდნენ, რომ სოსო ჯაჭვლიანს დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა. დაპირისპირების მონაწილეები ჯაჭვლიანს ფედერაციის თანხების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები