რა წესით ტარდება 2020 წლის არჩევნები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული, თუმცა, მეტად პროპორციული - 120/30-ზე პრინციპით ტარდება. პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, 30 კი - მაჟორიტარულით. 

საარჩევნო ბარიერმა პარტიებისთვის 1%-მდე დაიწია, ბლოკებისთვის კი ბარიერი იმდენი პროცენტი იქნება, რამდენ სუბიექტსაც აერთიანებს - მაგალითად, თუ ბლოკი 3 პარტიას აერთიანებს, მათთვის საარჩევნო ბარიერი 3% იქნება, თუ 5-ს - 5% და ა.შ.

73 მაჟორიტარული ოლქის 30-მდე შემცირებამ, რიგი ოლქების გაერთიანება გამოიწვია. თბილისი 8 ოლქამდე შემცირდა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონის ოლქი, ვაკის რაიონის ოლქი, საბურთალოს რაიონის ოლქი, ისნის რაიონის ოლქი, სამგორის რაიონის ოლქი, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების ოლქი, გლდანის რაიონის ოლქი და ნაძალადევის რაიონის ოლქი. 

დანარჩენი 22 მაჟორიტარული ოლქი კი შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;
  • გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;
  • რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
  • კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები;
  • ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;
  • ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
  • საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
  • ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
  • სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
  • ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; 
  • წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები; 
  • ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული;
  • ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;
  • ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები. 

"თითქმის პროპორციული არჩევნების" მიღების მოკლე ისტორია

2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე კომუნისტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომამ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტი წარმოქმნა. აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად დაარბია, რის შედეგადაც 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 2-მა თვალი დაკარგა, 4-მა კი ცალ თვალში მხედველობა. რეზინის ტყვიის თავში მოხვედრის შედეგად, ორი მომიტინგე რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იყო. 

დარბევის შემდეგ, 21 ივნისს პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა, რომელთაც სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – ერთერთი სრულად პროპორციული არჩევნები იყო. 

24 ივნისს, პროტესტის მესამე დღეს, მმართველი გუნდის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმართა და სამიდან ერთი მოთხოვნის შესრულებას დაჰპირდა. ივანიშვილის დაპირება სრულად პროპორციული არჩევნები იყო, 0%-იანი ბარიერით. 

ლიდერის ამ განცხადების შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატები და სპიკერები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ სრულად პროპორციული არჩევნების სიკეთეებზე და ხაზს უსვამდნენ, რომ ქართული ოცნება პირველი მმართველი ძალა იყო, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

საკონსტიტუციო შესწორების პროექტის კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატებმა სისტემის ცვლილების შესახებ პროტესტის გამოთქმა დაიწყეს და თქვეს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ - მათი უმრავლესობა კანონპროექტის ინიციატორი იყო. 

14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი ჩააგდო. მმართველმა გუნდმა კანონპროექტის ჩაგდება "ამბოხებულებად" წოდებულ მაჟორიტარებს გადააბრალა, თუმცა, ეს არგუმენტი მათ ვერ დაეხმარა, თავიდან აერიდებინათ საერთაშორისო პარტნიორებისგან წამოსული კრიტიკა. პარტია კი ამ მიზეზით 10-მდე დეპუტატმა დატოვა. 

დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებამ პარლამენტთან აქციები კიდევ ერთხელ განაახლა. აქციების პარალელურად ორი პოლიტიკური ლიდერი - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი – და ოპოზიციური მედიის, მთავარი არხის დამფუძნებელი, გიორგი რურუა დააპატიმრეს, რომელიც ფინანსურად ეხმარებოდა აქციის ორგანიზატორთა ნაწილს.

საერთაშორისო ფასილიტატორების ჩარევით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა. მმართველმა გუნდმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თუკი ოპოზიცია მათ მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას (100/50-ზე) არ დათანხმდებოდა, 2020 წლის არჩევნები მოქმედი წესით ჩატარდებოდა. 

8 მარტს აშშ-ს საელჩოში ორნაწილიან შეთანხმებას მოეწერა ხელი. პირველი საარჩევნო სისტემის ცვლილებას გულისხმობდა, მეორე კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

კომენტარები