თბილისის მერია

თბილისის მერია პანდემიით დაზარალებულების გადამზადებას იწყებს

gcn.com

დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების "გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის" პროგრამას იწყებს. მერიის ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებასა და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. დაინტერესებულ პირებს 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.dasakmdi.ge  

სწავლება სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე წარიმართება და 15 ნოემბრიდან დაიწყება. მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობაა 2 თვე. 

პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება მინიმუმ 18 წლის მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და წარადგენს პანდემიის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლების ცნობას ან ამავე პერიოდში, სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარების ცნობას. 

"პროგრამის ფარგლებში გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, კოლეჯი იკაროსი, კოლეჯი მერმისი და კოლეჯი სპექტრი 30-ზე მეტი მიმართულებით ასწავლიან. მათ შორის, სამშენებლო, საინჟინრო, დიზაინის, სურსათის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სფეროში". –აცხადებს თბილისის მერია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში შემოსავალი, დაახლოებით, 100 ათასმა მოქალაქემ დაკარგა. თუმცა, საქართველოს მთავრობის მონაცემებით, უმუშევრობის ყოველთვიური 200-ლარიანი კომპენსაცია სულ 161 905-მა მოქალაქემ მიიღო. დახმარება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც პანდემიამდე დაქირავებით მუშაობდნენ და პანდემიის პერიოდში შემოსავალი დაკარგეს. 

კომენტარები