ალ-ქაიდა

ავღანეთის უშიშროების ძალებმა ალ-ქაიდას ერთერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთის უშიშროების ძალებმა ალ-ქაიდას ერთერთი ლიდერი, აბუ მოჰსენ ალ-მასრი მოკლეს. ალ-მასრი აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილი ტერორისტების სიაში იყო. ინფორმაცია ავღანეთის ეროვნული უშიშროების დეპარტამენტმა გაავრცელა.

აბუ მოჰსენ ალ-მასრის სიკვდილი აშშ-ს ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა, კრის მილერმა დაადასტურა. მილერის თანახმად, ალ-მასრის სიკვდილი მნიშვნელოვნად დახევს უკან ტერორისტულ ორგანიზაციას და სტრატეგიულ დარტყმას მიაყენებს. კრის მილერმა აღნიშნა, რომ ალ-ქაიდას დანაკარგი "ხაზს უსვამს ტერორისტული ორგანიზაციის კლებად ეფექტურობას."

აშშ-ში აბუ მოჰსენ ალ-მასრის ბრალი ედება ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალურ მხარდაჭერაში და აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობის ორგანიზებაში.

მიიჩნევა, რომ ალ-ქაიდას ლიდერებს შორის ალ-მასრი მნიშვნელობით მეორე იყო. ის ღაზნის პროვინციაში სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

გასულ თვეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ავღანეთში 200-ზე ნაკლები ალ-ქაიდას წევრია დარჩენილი.

აშშ-ს სამხედრო ძალები ავღანეთში თალიბანთან საბრძოლველად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შევიდნენ. თალიბანი დაკავშირებული იყო ალ-ქაიდას წევრებთან, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტთან ჰქონდათ კავშირი. მიმდინარე წლის განმავლობაში, თებერვალში მიღწეული შეთანხმების შემდეგ აშშ-ს ეტაპობრივად გაჰყავს რეგიონიდან სამხედრო ნაწილები.

შეთანხმების თანახმად, ავღანეთიდან უცხოური სამხედრო ძალები 2021 წლის მაისამდე გავლენ. სანაცვლოდ თალიბანისგან მიღებულია გარანტიები კონტრტერორიზმის საკითხებში. თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებასთან ცეცხლის შეწყვეტასა და ურთიერთობის დარეგულირებაზე შეთანხმდა. ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გასულ თვეს დოჰაში დაიწყო. თუმცა, თალიბანისა და ხელისუფლების ძალები პერიოდულად მაინც უპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას აშშ-ს საგანგებო დესპანმა, ზალმეი ხალილიზადმა თქვა, რომ თალიბანი დათანხმდა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები.

კომენტარები