ისრაელი-სუდანი

საამიროები მიესალმება სუდანის გადაწყვეტილებას ისრაელთან ურთიერთობების დამყარებაზე

The Jewish Press

არაბთა გაერთიანებული საამიროები მიესალმება სუდანის გადაწყვეტილებას ისრაელთან ურთიერთობების დამყარებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით . 

სამინისტროს განცხადებით, სუდანის გადაწყვეტილება არის "მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რეგიონში უსაფრთხოება და კეთილდღეობა წახალისდეს... გაფართოვდეს ეკონომიკური, კომერციული, სამეცნიერო და დიპლომატიური კავშირი".

23 ოქტომბერს ისრაელი და სუდანი აშშ-ს დახმარებით შეთანხმდნენ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადადგმაზე.

ამ კვირაში ტრამპის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, სუდანი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის სიიდან ამოეღო, შეთანხმებისთვის ნიადაგი შეამზადა.

შეთანხმების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი და სუდანი გეგმავენ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას, თავდაპირველად სოფლის მეურნეობაზე ფოკუსირებით.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ კიდევ, სულ მცირე, ხუთ სხვა ქვეყანას უნდა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება.

"გგონია, მძინარე ჯო ამ შეთანხმებას მიაღწევდა?" - ჰკითხა ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს. ნეთანიაჰუმ მიუგო, რომ მშვიდობის მიღწევისთვის დახმარებას აშშ-ში ყველასგან აფასებს.

15 სექტემბერს ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის შეთანხმებებს ხელი მოაწერეს

19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელი სახელმწიფო ცნო.

კომენტარები