აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს დაზვერვა: რუსეთმა და ირანმა ამომრჩევლების სარეგისტრაციო ინფორმაცია მოიპოვეს

ჯონ რეტკლიფი
GettyImages

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსმა, ჯონ რეტკლიფმა თქვა, რომ რუსეთმა და ირანმა ამერიკელი ამომრჩევლების ნაწილის სარეგისტრაციო ინფორმაცია მოიპოვეს.

მოპარული ინფორმაცია მათ რეგისტრირებული ამომრჩევლებისათვის ყალბი ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენეს. მიზანს ქაოსის შექმნა და აშშ-ს არჩევნების და დემოკრატიისადმი რწმენის შერყევა წარმოადგენს.

მისივე თქმით, ირანი დგას დემოკრატი ამომრჩევლებისათვის გაგზავნილი ელექტრონული წერილების უკან, რომელთა მიზანს მათი დაშინება წარმოადგენს. ისინი თავს ტრამპის მხარდამჭერ ულტრამემარჯვენე ჯგუფად აჩვენებდნენ და ცდილობდნენ არეულობა წაეხალისებინათ.

"არჩევნების დღეს ხმას მისცემ ტრამპს, თორემ ჩვენ მოგაკითხავთ", "შეიცვალე პარტია, გახდი რესპუბლიკელების მხარდამჭერი, გაგვაგებინე, რომ მიიღე ჩვენი გზავნილი და დაემორჩილები" - ნათქვამი იყო წერილებში.

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ჯერჯერობით მსგავსი ქმედებები არ განუხორციელებია რუსეთს, თუმცა იციან, რომ მოპარული ინფორმაცია მათაც აქვთ. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოიპოვეს რუსეთმა და ირანმა ეს ინფორმაცია. ზოგიერთ შტატში ამომრჩევლების სარეგისტრაციო ინფორმაცია საჯაროდაა ხელმისაწვდომი, სხვა შტატებში კი მისი გამოთხოვა მხოლოდ კონკრეტულ პირებს შეუძლიათ განსაზღრული მიზნებისათვის. აშშ-ს დაზვერვა არ აკონკრეტებს, რა ტიპის ინფორმაცია მოიპოვეს რუსეთმა და ირანმა.

"თუ თქვენ მიიღებთ მუქარის ან მანიპულაციურ გზავნილს ელექტრონული ფოსტით, ნუ შეშფოთდებით და ნუ გაავრცელებთ მას". - მიმართა დაზვერვის უფროსმა ამომრჩევლებს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, კრისტოფერ ვრაის თქმით, აშშ-ს საარჩევნო სისტემა კვლავ უსაფრთხო და გამძლეა.

რეტკლიფმა განცხადება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 13 დღით ადრე გააკეთა.

რუსეთმა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც სცადა ჩარევა. მაშინ ე.წ. „ტროლების ქარხნებმა“ შექმნეს ათასობით ყალბი ანგარიში, თავს ამერიკელ ამომრჩევლებად აჩვენებდნენ და დაპირისპირების წამახალისებელ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ჰაკერული თავდასხმა მოხდა დემოკრატიული პარტიის სისტემებზეც.

კომენტარები