თავდასხმა ზუგდიდში

სპეცოპერაცია ზუგდიდში - რა ვიცით ამ დროისთვის

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, გაიქცა, მასთან ერთად მძევლები კი გათავისუფლდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ბოლო განცხადება, დაახლოებით, 05:00 საათზე გაავრცელა. უწყების ცნობით, თავდამსხმელის მიერ აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია და დამნაშავის დასაკავებლად გრძელდება ღონისძიებები. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ სიახლის შემთხვევაში, განცხადებას გაავრცელებენ.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლად აიყვანა. თავდასხმიდან მალევე მძევალთა ნაწილი გათავისუფლდა - რომელთაგან ბევრი სამართალდამცველებმა შენობის სახურავიდან, ამწის დახმარებით ჩამოიყვანეს. 

მოგვიანებით, თავდასხმიდან, დაახლოებით, 2 საათში, ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, ყაჩაღის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო . კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და ხელში მუდმივად ეჭირა.   

  • როგორ ცდილობდა სამთავრობო მედია მძევლის დისკრედიტაციას - წაიკითხეთ აქ.
ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის 500 000 დოლარი გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.
 
ამავდროულად, შს სამინისტრომ ბრიფინგი გამართა. უწყებამ მედიას მოუწოდა, გაეთიშათ ადგილიდან ლაივ სიგნალი, რადგან, მათი განცხადებით, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. მედიას აქტიურად აკრიტიკებდნენ მმართველ პარტიაშიც - "ოცნების" აღმსრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე მედიებს "გლავ კანალსა" და "პერვი კანალს" უწოდებდა.   
 
მოგვიანებით, თავდამსხმელმა ბანკიდან კიდევ ორი მძევალი - ქალები გაათავისუფლა.
 
დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა - მათ შორის ერთ-ერთი შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდვა იყო. გალდავამ მძევლები ჩაანაცვლა.
 
ყოფილმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ თქვა, რომ პოლიციამ ყაჩაღს ფული მიუტანა, მან კი 3 მძევლის გარდა ყველა გაუშვა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა
 

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდეს. დღეს, 22 ოქტომბერს, დილით ინფორმაციას დე ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსი, რუსტამ ლატიპოვი გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, რუსეთთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რათა "დამნაშავე ჩვენს ტერიტორიაზე ვერ შემოვიდეს."

კომენტარები