აშშ-საქართველო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არჩევნები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება

ამერიკის ხმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორთან, შერილ ფერნანდესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ფერნანდესი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და აშშ-სთან და ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების გზაზე:

"31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობასა და საქართველოს კავშირებს, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან".

ფერნანდესის თქმით, ამ არჩევნებს აშშ-ს ხელისუფლება განსაკუთრებით დააკვირდება:

"ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული გზის მიმართ. კონკრეტულად კი იმ შეშფოთებების გათვალისწინებით, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო გაჟღერებული და შეეხებოდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებს, გარკვეულ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს იქნება არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ამერიკის ხელისუფლების - როგორც აღმასრულებელი შტოს, რაშიც სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID-ი და სხვები შედის, ასევე ჩვენი კონგრესის მხრიდანაც, რომელიც საკანონმდებლო-საფინანსო გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ არჩევნებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინდიკატორს".

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღსრულდეს რეფორმები არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებისათვის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამას ყურადღებას მიაქცევს.

"ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ არის ცნობები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა დაშინების, ჟურნალისტებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ. ამ პრობლემას შეშფოთების მთავარ საგნად ვხედავდით წინა, 2018 წლის არჩევნების დროსაც". – ამბობს ფერნანდესი.

კომენტარები