ბოლნისი

კობახიძე ოქრიაშვილის შტაბის წევრზე თავდასხმაზე: "ოცნების" მხარდამჭერზე თავდასხმას მოჰყვა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ბოლნისში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრზე თავდასხმას ეხმაურება. კობახიძე ამბობს, რომ თავდასხმა ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მოჰყვა.

"გუშინ იყო საკმაოდ სერიოზული ინციდენტი. იყო თავდასხმა ქართული ოცნების მხარდამჭერზე, რომელსაც მიაყენეს მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა და ამ უმსგავსობას მოჰყვა, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი უმსგავსობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენს შტაბთან არიან დაკავშირებული, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვგმობთ. 

აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში იყოს სათანადო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს არასწორი საქციელი, სამართალდარღვევა და სხვა ტიპის უმსგავსობა, ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა არის, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების დროული რეაგირება". – ამბობს კობახიძე. 

კობახიძის თქმით, უნდა დაისაჯონ პირები, ვინც "ოცნების" მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე პირები, ვინც "ამაზე არასწორი პასუხი გასცა, არასწორი რბილი სიტყვაა."

"ჩვენ ვხედავთ, რომ, ძირითადად, ამ ოლქშია კონცენტრირებული პროვოკაციები და მოვუწოდებ ნაცმოძრაობის აქტივისტებს, კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ბუნებრივია, ამ პროვოკაციებს ექნება სათანადო პოლიტიკური პასუხი". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

გუშინ, 19 ოქტომბერს, ოქრიაშვილის შტაბის წევრს ბოლნისის სოფელ ნახიდურში თავს დაესხნენ. კახა ოქრიაშვილის თქმით, შტაბის წევრის მანქანას ნატყვიარი აქვს და, სავარაუდოდ, იარაღიდან გაისროლეს.

კომენტარები