კორონავირუსი საქართველოში

ხაზარაძე: ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში

Facebook/ მამუკა ხაზარაძე

ლელო საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ახალი კორონავირუსი აქვს, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ პოლიტიკურმა ლიდერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ლელოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი წერს, მისი მდგომარეობა გვიან ღამით გართულდა და ტემპერატურა 40 გრადუსამდე აეწია. 

"გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით, ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა". – დაწერა მამუკა ხაზარაძემ. 

ლელოს ლიდერი წერს, რომ პარტიის ყველა ლიდერმა გაიკეთა ტესტი ახალ კორონავირუსზე და პასუხების დიდი ნაწილი უკვე ცნობილია და ყველა მათგანი უარყოფითია. 

"ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. ბავშვებსაც და მეუღლესაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. 31 ოქტომბერს ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხებთ Covid-19-ს და ქართულ ოცნებას, რომელმაც ამ კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა". – წერს მამუკა ხაზარაძე.

ახალი კორონავირუსის დადასტურების შესახებ ცნობა მამუკა ხაზარაძემ 18 ოქტომბერს გაავრცელა.  

კომენტარები